ბოლო ნახევარფინალისტი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა
ბოლო ნახევარფინალისტი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა

როლან გაროსის კაცების ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტია ცნობილი. ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც ამ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროა.

მისი მატჩი ხორვატი მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ წინა დღიდან იყო გადმოტანილი. ოთხშაბათს ჩოგბურთელებმა ვერ მოასწრეს პირველი სეტის დასრულება. მატჩი მაშინ შეწყდა, როცა ტაი-ბრეიკზე ანგარიში 5:5 იყო.
თამაშის განახლების შემდეგ კი დელ პოტრომ ორი ქულა აიღო და პირველი სეტი მოიგო – 7:6(5). არგენტინელს მეორე სეტის შუიდან ჩავარდნა დაეწყო – მან ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ჩილიჩმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მესამე პარტიის სტარტზე კი ხორვატი ბრეიკით დაწინაურდა.

დელ პოტრო თამაშში მესამე სეტის შუიდან დაბრუნდა – არგენტინელმა შეძლო ზედიზედ ორი ბრეიკის შესრულება და მესამე პარტიის მოგება. მეოთხე სეტში თანაბარი თამაში მიდიოდა იქამდე, სანამ დელ პოტრომ მე-11 გეიმში ბრეიკი არ შეასრულა. ამის შემდეგ, სამხრეთამერიკელმა მატჩზე ჩააწოდა – 7:6(5), 5:7, 6:3, 7:5. შეხვედრა 3 საათი და 54 წუთი გრძელდებოდა.

დელ პოტრო ნახევარფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა და იტალიელმა მარკო ჩეკინატომ.