ბოლო ექვს ტურში მეხუთედ - ზივზივაძე ისევ უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურშია [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე ისევ უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – „უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელი 26-ე ტურის რჩეულ თერთმეტეულში გამოცემა csakfoci-მ დაასახელა.
უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი, ბუდაპეშტის მტკ 2:0 დაამარცხა, 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საჯარიმოსთან ბურთი მცველთან ბრძოლაში მიიღო, ორი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „უიპეშტის“ სასარგებლოდ.
„ბუდუ ზივზივაძეს გოლამდეც ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. 82-ე წუთზე კი დასარტყმელად მომენტი მონახა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში 17 მეტრიდან მოჭრილი დარტყმით სამი ქულის ბედი გადაწყვიტა“, – წერს გამოცემა.
ბუდუ ზივზივაძეს „უიპეშტში“ გადასვლა რომ წაადგა, სტატისტიკა მეტყველებს – მანამდე „ფეჰერვარში“ 12 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, ახალ გუნდში კი 6 მატჩში მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო, გუნდი კი ბოლო ადგილიდან მე-7 პოზიციაზე დააწინაურა.
ზივზივაძე უკვე „უიპეშტის“ საუკეთესო ბომბარდირია, ბოლო 6 შეხვედრის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში 5-ჯერ მოხვდა. მასთან ერთად რჩეულ თერთმეტეულში „უიპეშტიდან“ მხოლოდ მცველი დიაბი დაასახელეს.