ბიზნესმენი კახი ჟორდანია ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „დენ ბოსხის“ მფლობელია.
ბიზნესმენი კახი ჟორდანია ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „დენ ბოსხის“ მფლობელია.

ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ რომელიც რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველია, ჰოლანდიის პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდის, „დენ ბოსხის“ მეპატრონეებთან კლუბის შეძენის შესახებ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა.

მოლაპარაკება 2018 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე კვირის დასაწყისში წარმატებით დასრულდა. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ის დასამტკიცებლად ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას წარედგინება. კახი ჟორდანია კლუბის აქციების 99,9 %-ს მფლობელია, გარიგების სხვა დეტალები უცნობია.

ფედერაციის მიერ მიღებული დასტურის შემდეგ კახი ჟორდანია უკვე კლუბის სამომავალო გეგმების შესახებ გუნდის მენეჯმენტის და ქალაქ ჰერტოგენბოსის პროფესიული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც პროექტის პრეზენტაციაც გაიმართება. კახი ჟორდანიას ეს შენაძენი გრძელვადიანი საიმიჯო ინვესტიციაა. ის ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლია და დარწმუნებულია, რომ ოჯახური ტრადიციის მსგავსად „დენ ბოსხის“ წარმატებები მისთვის საამაყო გახდება.
ქალაქ ჰერტოგენბოსის საფეხბურთო კლუბი „დენ ბოსხი“ 1965 წლის 18 აგვისტოს დაფუძნდა. „დენ ბოსხი“ ჰოლანდიის ერედივიზონში გამოდიოდა, ახლა კი რანგით მეორე ლიგაშია და იქ სეზონი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.