„ბიზნეს-ონლაინი“ - კვარაცხელიას ტრანსფერს ევრო 2020 აფერხებს, „რუბინს“ დავითაშვილიც დატოვებს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინი“ სეზონისთვის ემზადება და მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის საფიქრალი აქვს – გუნდში 11 ლეგიონერია, რუსეთის ჩემპიონატის განაცხადში კი მხოლოდ რვა უცხოელის შეყვანაა ნებადართული.
გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, „რუბინს“ ზურიკო დავითაშვილიც დატოვებს. დავითაშვილი კვარაცხელიას შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ ამ პოზიციაზე სეიად ჰახშაბანოვიჩი დაიმატეს.
„ხვიჩას გარდა, „რუბინს“ ახლა 11 უცხოელი ჰყავს, მხოლოდ რვა მათგანი უნდა დარჩეს გუნდში. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ვინც ამ სიას დატოვებს, ზურიკო დავითაშვილი უნდა იყოს. უფრო მეტიც – „რუბინი“ განიხილავს დავითაშვილის როგორც იჯარით გაშვების ვარიანტს, ასევე მოთამაშის სრულფასოვანი გაყიდვის ალბათობას“, – ამტკიცებს „ბიზნეს-ონლაინი“.
გამოცემა კვარაცხელიას მომავალზეც წერს:
„ჰახშაბანოვიჩი არის პირდაპირი შეცვლა ხვიჩა კვარაცხელიასი, რომელიც ჯერ კიდევ „რუბინის“ ფეხბურთელია. ფეხბურთელი ყველასთან ერთად ემზადება სეზონისთვის, მაგრამ ახალ სეზონში მისი იმედი არ უნდა გქონდეთ. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა საუკეთესო დროა ქართველის გაყიდვისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. კითხვა ბუნდოვანია ევროპის ჩემპიონატის გამო, სადაც კლუბები პოტენციურ ახალწვეულებს ყურადღებით ათვალიერებენ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არ თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე“.