„ბიზნეს ონლაინი“ – კვარაცხელია წლის აღმოჩენაა, „რუბინი“ ჯერ ვერ შეელევა
გამოცემა „ბიზნეს ონლაინმა“ 2020 წელს ყაზანის „რუბინის“ გამოსვლა შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელია სეზონის აღმოჩენად დაასახელა.
„2020 წელს „რუბინში“ ყველაზე ნათელი წერტილი და აღმოჩენა უდავოდ ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი გახდა გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონის პირველი მესამედი შესანიშნავად ჩაატარა და თავი აშკარად კარგად წარმოაჩინა. დიდი ხანია არ არის, რაც კლუბში აღარ იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მსგავს ყურადღებას იპყრობდა და რომლის დიდი მომავალიც ასე აქტიურად განიხილებოდა.
კვარაცხელიამ წელს 4 გოლი გაიტანა, 6 პასი გააკეთა და 4 პენალტი მოიპოვა. „რუბინის“ შეტევა მასზეა დამოკიდებული და კლუბი იმედოვნებს, რომ მომდევნო ერთი ან ორი წლის განმავლობაში ევროთასებზე სწორედ ხვიჩას დახმარებით გავა. სლუცკი მოთამაშეს ანიჭებს თავისუფლებას და მასზე ზეწოლას არ ახდენს, როდესაც ის მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუებისას ცდება. მწვრთნელი არ მალავს, რომ შედეგის გარდა, მას ევროპის უმაღლესი ჩემპიონატისთვის ძლიერი სპორტსმენის აღზრდა სურს. მას ასეთი გამოცდილება ჰქონდა ცსკა-ში ალექსანდრე გოლოვინთან და „ვიტესში“ – მარტინ ედეგორთან“, – წერს გამოცემა.
„ბიზნეს-ონლაინი“ ყურადღებას გუნდისა და საქართველოს ნაკრებისთვის 19 წლის ფეხბურთელის მნიშვნელობაზეც ამახვილებს: „წლის ბოლოს ქართველი კორონავირუსით დაავადდა და თბილისში ორი კვირის განმავლობაში იზოლირებულად იმყოფებოდა. ის საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ წლის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარა. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები ევრო2020-ზე გადიოდნენ, მაგრამ ხვიჩას გარეშე გუნდმა წააგო. მის გარეშე „რუბინმაც“ ჩააგდო ის თამაშები, რომელშიც მათი მთავარი ვარსკვლავი არ მონაწილეობდა. ის ფაქტი, რომ უკვე 19 წლის ასაკში მასზეა დამოკიდებული ეროვნული ნაკრებისა და კლუბის შედეგები, ამ წელს კვარაცხელიასთვის განსაკუთრებულს ხდის“.
გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიას ყაზანელები ზამთარში არ შეელევიან: „ზამთარში „რუბინი“ ხვიჩას შენარჩუნებას აპირებს- კლუბი ქართველის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ფანტასტიკურ შეთავაზებას მიიღებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. 2020 წელი ზრდასრულთა ფეხბურთში კვარაცხელიას პირველი სრული წელია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახლა იწყებს თავის კარიერას და, რა თქმა უნდა, მისგან თვისობრივ ნახტომს ელიან“.