ბითაძის სასტარტო და 17 ქულა 19 წუთში - გოგა „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სასტარტო და 17 ქულა 19 წუთში - გოგა „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „შარლოტ ჰორნეტს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 126-158 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოხვდა „პეისერსის“ სასტარტო ხუთეულში, რაც მისი პირადი რეკორდია. გოგამ 18:40 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება მოახერხა, მან ამ დროში 17 ქულა დააგროვა, რაც „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. ბითაძის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (ექვსივე შეტევაში) და 2 პასია. მან 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 ერთქულიანი, პერიმეტრის ხაზიდან კი 2-ჯერ ისროლა და არაზუსტად. გოგამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი +/- მაჩვენებელი -6 იყო, მას „პეისერსის“ შემადგენლობაში ტერი ტეილორთან ერთად საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ უკანასკნელმა გოგაზე თითქმის 9 წუთით ნაკლები ითამაშა.

 

პირველი მეოთხედი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „ინდიანას“ 3-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდში „შარლოტმა“ 4 ქულით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე გუნდები 70-71 ანგარიშით გავიდნენ. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც „ჰორნეტსმა“ 18 ქულით იმარჯვა და საბოლოო ჯამში 32 ქულით მოიგო. ლამელო ბოლმა 29 ქულით, 13 პასითა და 10 მოხსნით სამმაგი დუბლი გაიფორმა, ყველაზე შედეგიანი 39 ქულით კელი უბრე უმცროსი იყო, „პეისერსის“ მხრიდან კი, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე გამორჩეული გოგა ბითაძე იყო. „ჰორნეტსის“ არსებობის ისტორიაში 158 ქულა საუკეთესო შედეგია, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ კი მიღებული ქულებით ანტირეკორდი დაამყარა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 29 იანვარს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.