ბითაძის სარეკორდო დრო და მორიგი კარგი თამაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (ვიდეო)

რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. „პეისერსი“ სტუმრად „შარლოტს“ დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მისთვის სარეკორდო დრო გაატარა პარკეტზე.

ბითაძე მოედანზე 31:48 წუთი იმყოფებოდა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო, თუმცა სამწუხაროდ „პეისერსმა“ მეტოქესთან ოვერტაიმში ანგარიშით 122:120 წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ ინდიანელები 19 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

გოგამ თამაში კვლავ ნაადრევად, ექვსი ჯარიმის მიღების გამო დატოვა. მის აქტივში 6 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 გადაცემა და 4 დაფარებაა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ბითაძემ 4 ბლოკ-შოტი ზედიზედ მე-3 შეხვედრაში მიითვალა, რაც ურთულესი გასაკეთებელია. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს. პეისერსის რიგებში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი უორენი იყო (33 ქულა), მალკოლმ ბროგდონმა 31 ქულა და გადაცემა მიითვალა, ჯერემი ლემბმა კი 18 ქულა დააგროვა. პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 7 ნოემბერს, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ ჩაატარებს.