ბითაძის „ორლანდო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა - მამუკელაშვილს „სან ანტონიოში“ სათამაშო დრო გაუზარდეს #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სტუმრად „ოკლაჰომა სიტისთან“ ითამაშა და 100:112 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი კვლავ ორლანდოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ 22:11 წუთი მიიღო, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ თამაშიდან 6 ბურთი ისროლა და 4 ჩააგდო.
ბოლო შეხვედრებთან შედარებით, სათამაშო დრო გაეზარდა სანდრო მამუკელაშვილს. „სან ანტონიოს“ ქართველმა ფორვარდმა „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ წაგებულ საშინაო მატჩში (116:122) 18:10 წუთი მიიღო.
მამუკელაშვილმა მიღებულ დროში 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ მეტოქის ფარს 7-ჯერ შეუტია და 3 ბურთი ჩააგდო.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 გამარჯვებითა და 18 მარცხით მერვე ადგილზეა, ხოლო „სან ანტონიოს“ 7 მოგება და 31 წაგება აქვს, რითიც დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.