ბითაძის 9 წუთი და უქულო შეხვედრა - „ინდიანა“ „კლივლენდთან“ მოგებით მეცხრე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
10:28, 11.05.2021
გოგა ბითაძის „ინდიანა“ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრებს ატარებს და გუნდისთვის თითოეულ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „პეისერსი“ ამჯერად „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით 111:102 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 9 წუთი ითამაშა, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდის მთავარი ცენტრი, მაილს ტერნერი ტრავმირებულია და ვერ თამაშობს, ძალიან ცოტაა. გოგამ ეს დროც მაქსიმალურად ვერ გამოიყენა, მან 3-ჯერ ისროლა პერიმეტრიდან ბურთი და ერთხელ საშუალო დისტანციიდან, მაგრამ ოთხივეჯერ უშედეგოდ. მის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 დაფარებაა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და +/- მაჩვენებელიც -5 ჰქონდა.
პირველ ტაიმში მარცხის მიუხედავად, „ინდიანამ“ თამაში მესამე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს 2 ქულით გაასწრო. გადამწყვეტი უპირატესობა კი ნეიტბიორკგრენის გუნდმა ბოლო პერიოდში მოიპოვა და საბოლოო ჯამში 9 ქულით გაიმარჯვა.
კლივლენდი – ინდიანა 102:111
საუკეთესო მოთამაშე კელან მარტინი გახდა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა დომანტასსაბონისს, ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 21 ქულა, 20 მოხსნა და 9 პასია. „პეისერსიდან“ ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 10 პასით გაიფორმა კარის ლევერტმაც. „კლივლენდიდან“ 25 ქულით საუკეთესო სექსტონი იყო. „კავალიერსის“ მხრიდან ორმაგი დუბლები გაიფორმეს ისააკ ოკორომ და დინ ვეიდმა. ოკორომ 22 ქულასთან ერთად 10 მოხსნა დააგროვა, ვეიდის ანგარიშზე კი 19 ქულა და 12 მოხსნაა.
„ინდიანამ“ ამ მოგებით „ვაშინგტონ ვიზარდს“ გადაასწრო, რომელიც თავის შეხვედრაში „ატლანტასთან“ დამარცხდა. გოგას გუნდი შემდეგ მატჩს ხვალ, 12 მაისს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.