ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება რეგულარული სეზონი.
„ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „ჩიკაგო ბულზს“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 108:95 სძლია. საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ დღევანდელი შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო, რადგან მაელს ტერნერს და დომანტას საბონისს ტრავმების გამო მატჩის გამოტოვება მოუხდათ.
ბითაძემ მოედანზე არასრული 19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიული იყო. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა და 4 ბლოკი ჩაიწერა პირად აქტივში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +3 შეადგინა.
სამწუხაროდ, ბითაძემ პარკეტი ექვსი ჯარიმის მიღების გამო ნაადრევად დატოვა. „ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა, ტი ჯეი ვორენმა დააგროვა. 22 ქულა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს. მომდევნო მატჩს „პეისერსი“ 6 ნოემბერს სტუმრად „შარლოტთან“ გამართავს.
მაიამი – ჰიუსტონი 129:100
ნიუ იორკი – საკრამენტო 92:113
სან ანტონიო – ლეიკერსი 96:103
კლივლენდი – დალასი 111:131
კლიპერსი – იუტა 105:94