ბითაძის 7 ქულა და „ინდიანას“ დრამატული ფინალი „ვაშინგტონთან“ - ვესტბრუკმა ისტორიული რეკორდი გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 7 ქულა და „ინდიანას“ დრამატული ფინალი „ვაშინგტონთან“ - ვესტბრუკმა ისტორიული რეკორდი გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT

ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა და დრამატულ მატჩში ოვერტაიმში დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც ითამაშა, უბრალოდ ტრავმის შემდეგ გოგა შედარებით უფრო მცირე სათამაშო დროს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსს“ მაილს ტერნერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, ბითაძის პარკეტზე ყოფნის დრო არ გაზრდილა. მან ამ შეხვედრაში 15 წუთი და 42 წამი ითამაშა. გოგამ ამ დროში 7 ქულის, 2 მოხსნის (ორივე შეტევაში), 2 პასის, 3 დაფარების და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ახალგაზრდა ცენტრს ამ შეხვედრაში გამორჩეული მომენტებიც ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან რობინ ლოპესს ზედიზედ 2-ჯერ დაუფარა და ბურთი კალათში არ ჩააგდებინა.

მესამე მეოთხედამდე მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ. მესამე პერიოდში კი „ინდიანა“ მეტოქეს 10 ქულით გაექცა. მიუხედავად ამისა, ბრედლი ბილისა და რასელ ვესტბრუკის ფენომენალური თამაშის წყალობით „ვაშინგტონმა“ ეს სხვაობა დაქაჩა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც სკოტ ბრუკსის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და 133:132 გაიმარჯვა.

ინდიანა – ვაშინგტონი 132:133

ყველაზე შედეგიანი ბრედლი ბილი იყო, რომელმაც 50 ქულა დააგროვა. რასელ ვესტბრუკმა კარიერაში 181-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა. მის ანგარიშზე 33 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასია. „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 35 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, სამმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს, მან 30 ქულა, 13 მოხსნა და 13 პასი მიითვალა.

ვესტბრუკი სამმაგი დუბლებით ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა

ამრიგად, ნეიტ ბიორკგრენის გუნდი მე-10 ადგილზე დაქვეითდა და ფლეი-ინში მისი სავარაუდო მეტოქე „ბოსტონ სელტიკსი“ იქნება. „ინდიანა“ რეგულარულის შემდეგ შეხვედრას 11 მაისს „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.