ბითაძის 7 ქულა 11 წუთში - „ინდიანა“ „მაიამისთან“ ბოლო მეოთხედში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 7 ქულა 11 წუთში - „ინდიანა“ „მაიამისთან“ ბოლო მეოთხედში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ის მორიგ შეხვედრაში მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 87:92 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ამ შეხვედრაშიც არ გამოიყურებოდა ურიგოდ. მან 11 წუთში 7 ქულის, 3 მოხსნისა (2 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. გოგამ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო და ერთიდან ერთი სამქულიანი, ის მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ შეხვედრაში +7 იყო.

მატჩის პირველ მეოთხედში „პეისერსი“ უკეთ გამოიყურებოდა და საწყისი პერიოდიც მათი 5-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე-მესამე მეოთხედები თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა და „ჰიტმა“ მხოლოდ 3 ქულის დაქაჩვა მოახერხა. ბოლო პერიოდში კი ერიკ სპოელსტრას გუნდმა მეტოქე დაჩაგრა და საბოლოო ჯამში, 5 ქულით მოუგო.

 

ინდიანა – მაიამი 87:92

20 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით შეხვედრაში საუკეთესო დანკან რობინსონი იყო. 18 ქულა ჰქონდა ჯიმი ბატლერს, 17 ქულა ტაილერ ჰიროს ანგარიშზეა, ბემ ადებაიომ კი 16 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. „პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი მაილს ტერნერი აღმოჩნდა, რომელსაც 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება ჰქონდა. საბონისს კი 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან 9 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა.

ამ მტკივნეული მარცხის შემდეგ ნეიტ ბიორკგრენის გუნდი „მაიამის“ კიდევ უფრო ჩამოშორდა. „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-9 ადგილს ინარჩუნებს. შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 3 აპრილს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.