ბითაძის 6 ქულა, 6 მოხსნა და „ბაზერი“ პირველ მეოთხედში - გოგამ „დალასს“ სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ NBA-ის მორიგ შეხვედრაში ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილ „დალას მავერიქსს“ ესტუმრა, 109:94 მოუგო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველ კალათბურთელს სათამაშოდ 10 წუთი და 41 წამი ჰქონდა, რა დროშიც მან 6 ქულა, 6 მოხსნა (3-3 შეტევაში და დაცვაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოიპოვა. გოგამ სამქულიანის ჩაგდება ერთხელ სცადა და უშედეგოდ, ორქულიანი კი 4-დან 3 ზუსტი აღმოჩნდა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.
ახალგაზრდა ცენტრს შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული მომენტი ჰქონდა. პირველი მეოთხედის ბოლოს მან ეფექტური სროლით „ბაზერის“ ჩაგდება მოახერხა. გოგა პარკეტზე ყოფნის დროს ფარს კარგად იცავდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ტიმ ჰარდევეი ჯუნიორს შესანიშნავად დაუფარა.
მიუხედავად დაძაბული პირველი მეოთხედისა, „ინდიანამ“ მალევე მოიპოვა კომფორტული უპირატესობა. მეორე მეოთხედში ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა „დალასს“ 11 ქულით მოუგო და საბოლოო ჯამში, საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ლუკა დონჩიჩის არ ყოფნაში ძალიან კარგი თამაში ჰქონდა კრისტაპს პორზინგისს, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და 31 ქულასთან ერთად, 18 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმაც, რომელიც „ინდიანადან“ საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 22 ქულა და 15 მოხსნაა. 22 ქულა დააგროვა მალკოლმ ბროგდონმაც. „პეისერსიდან“ ასევე გამოსარჩევი იყო მაილს ტერნერი, რომელმაც დალასელებს 7-ჯერ დაუფარა.
აღსანიშნავია ის, რომ ბითაძის გუნდი ბოლო დროს კარგად გამოიყურება. „ინდიანამ“ ბოლო ხუთიდან მატჩიდან ოთხში გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მიუხედავად მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის (სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე) წარუმატებელი სერიისა, მაინც მე-9 ადგილზე იმყოფება. „პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 30 მარტს „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავს.