ბითაძის 2 ქულა და მამუკელაშვილის 3 მოხსნა - „ინდიანა“ „დენვერთან“ დამარცხდა, „ბაქსმა“ ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

10 ნოემბერს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 შეხვედრა გაიმართა. ტავიანთი მატჩები გამართეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმაც – გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმადენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლა და 119-122 დამარცხდა, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ კი „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ ოვერტაიმში 136-132 მოუგო.

ბითაძემ  6:39 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და ააცილა. გოგა 2-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და „პეისერსი“ ბოლო მეოთხედამდე 6 ქულით იგებდა – „ნაგეტსმა“ ბოლო პერიოდი 9 ქულით მოიგო და შესაბამისად, მიმდინარე რეგულარულ სეზონში მე-8 გამარჯვება გაიფორმა. საუკეთესო 30 ქულით ბენედიკტ მატურინი იყო, 24 ქულა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. ორმაგი დუბლი ოთხმა კალათბურთელმა გაიფორმა – ტაირის ჰალიბერტონმა (21 ქულა და 11 პასი), აიზია ჯექსონმა (17 ქულა და 10 მოხსნა), მაილს ტერნერმა (14 ქულა და 11 მოხსნა) და აარონ გორდონმა (18 ქულა და 16 მოხსნა).

მამუკელაშვილმა „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ 6:15 წუთი ითამაშა და 3 მოხსნის დაგროვება მოასწრო, ვისკონსინელთან ახალგარზდა მძიმე ფორვარდმა თამაშიდან 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ უშედეგოდ. რაც შეეხება პასივს, ის მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

მატჩის დაძაბულობას ოვერტაიმის გარდა პირველი ორი მეოთხედის ანგარიშმაც გაუსვა ხაზი. საწყის ორ პერიოდში გუნდებმა ფრე ითამაშეს (27-27, 28-28)  და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მესამე მეოთხედი „ოკლაჰომამ“ მოიგო, „მილუოკიმ“ კი შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე დამატებითი ტაიმის გახდა საჭირო, სადაც უკეთესი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი აღმოჩნდა. 39 ქულით ყველაზე შედეგიანი შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო ჯევონ კარტერი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 36 ქულითა და 12 პასით დააგროვა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ორმაგი დუბლები ჰქონდათ ასევე ბრუკ ლოპესს (24 ქულა და 13 მოხსნა), ჯოშ გიდის (18 ქულა და 15 მოხსნა) და ალექსეი პოკუშევსკის (17 ქულა და 10 მოხსნა).

შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ 13 ნოემბერს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს, „მილუოკი ბაქსი“ კი 12 ნოემბერს „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდება.