ბითაძის 13 ქულა კონფერენციის ლიდერთან - „ინდიანამ“ „იუტასთან“ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
01:27, 17.04.2021
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც კონფერენციის ლიდერს „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და 111:119 დამარცხდა.
ბითაძემ NBA-ის საუკეთესო დაცვით გუნდთან ნამდვილად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მან 12 წუთი და 25 წამი ითამაშა და ამ დროში 13 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში, 3 დაცვაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგა საკმაოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა, მან ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და პერიმეტრიდან ოთხიდან სამი სამქულიანი გამოიყენა. ახალგაზრდა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა. მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ“ საერთო ჯამში 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
რაც შეეხება შეხვედრას, „ინდიანამ“ მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. საწყის პერიოდში ნეიტბიორკგრენის გუნდი „იუტას“ 8 ქულით გაექცა, მეორე მეოთხედში კი ეს უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა – „ჯაზის“ ლიდერმა და სუპერვარსვლავმა, დონოვანმიტჩელმა ბურთისთვის ბრძოლის დროს მძიმე დაზიანება მიიღო, მან კოჭი დაიზიანა და სტადიონის ნაადრევად დატოვება მოუწია. მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი გუნდის წინააღმდეგ „პეისერსს“ თითქოს უფრო დიდი უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ქვინ სნაიდერმა და მისმა გუნდმა ძალები მოიკრიბა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა – იუტელებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და რეგულარულ სეზონში მორიგი გამარჯვება გაიფორმეს.
იუტა – ინდიანა 119:111
მატჩში საუკეთესო „იუტას“ ფრანგი კალათბურთელი რუდი გობერი იყო, რომელმაც დაცვაში შესანიშნავად იმუშავა და შეტევაშიც ეფექტური იყო, მან ორმაგი დუბლი გაიფორმა და 13 ქულასთან ერთად 25 მოხსნა დააგროვა, 24 ქულა ჰქონდა ბოგდანოვიჩს, დონოვან მიტჩელმა კი ტრავმის მიღებამდე 22 ქულის დაგროვება მოასწრო, 10 ქულასთან ერთად 10 პასი გააკეთა მაიკ კონლიმ. „პეისერსიდან“ ორმაგი დუბლი დომანტას საბონისმა გაიფორმა, ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 22 ქულა და 15 მოხსნაა, 24 ქულა მიითვალა კარის ლევერტმა.
შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი კვირას, 18 აპრილს თბილისის დროით 21:00 საათზე „ატლანტას“ დაუპირისპირდება.