ბითაძის 100-პროცენტიანი სიზუსტე და 8 ქულა მცირე დროში - „ინდიანა“ ვესტბრუკმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 100-პროცენტიანი სიზუსტე და 8 ქულა მცირე დროში - „ინდიანა“ ვესტბრუკმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 2 მოგების შემდეგ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ ესტუმრა და 132:124 დამარცხდა.

ქართველს ცენტრს წინა შეხვედრებიდან განსხვავებით შედარებით უფრო მცირე დრო მისცეს სათამაშოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, გოგამ თითოეული წამი მაქსიმალურად გამოიყენა და გუნდს ქულებიც მოუტანა და დაცვაშიც შესანიშნავად ირჯებოდა. ბითაძემ 7 წუთი და 3 წამი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან თამაშიდან თავისი სროლების 100 პროცენტი გამოიყენა. ორიდან ორი ბურთი საშუალოდან ჩააგდო, ერთი კი პერიმეტრიდან. გოგა ორჯერ დადგა საჯარიმოს ხაზთან და ერთხელ ზუსტად ისროლა, მეტოქის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

ქართველ კალათბურთელს, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაშიც ჰქონდა გამორჩეული მომენტები. გოგამ პირველ მეოთხედში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯერ თავისი ფარი შესანიშნავად დაიცვა და ეფექტური დაფარება შეასრულა, შემდეგ კი მეტოქის ფარზე იბრძოლა, ბურთი მოიპოვა და 2 ქულაც მიითვალა.

შეხვედრა ბოლო მეოთხედამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი „ინდიანას“ ოთხქულიანი უპირატესობით დასრულდა, შემდეგ კი სკოტ ბრუკსის გუნდმა მოახერხა წინ გასვლა და მესამე-მეოთხე მეოთხედებიც „ვაშინგტონის“ გამარჯვებით დასრულდა.

 

ვაშინგტონი – ინდიანა 132:124

ფენომენალური მატჩი ჰქონდა რასელ ვესტბრუკს, რომელმაც სამმაგი დუბლი 35 ქულით, 21 პასითა და 14 მოხსნით გაიფორმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა, მის ანგარიშზე 35 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასია. 26-26 ქულა ჰქონდათ რუი ჰაჩიმურასა და მალკოლმ ბროგდონს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაილს ტერნერმა არასრული 36 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 4 დაფარება გაიფორმა.

„ინდიანა პეისერსი“ ამ წაგების მერე კვლავ მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ნეიტ ბიორკგრენის გუნდი მის უშუალო კონკურენტთან, „მაიამი ჰიტთან“ გამართავს, რომელსაც ძალიან ცუდი სერია აქვს, ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი აქვს წაგებული და მე-8 ადგილზეა. მატჩი 1 აპრილს გაიმართება.