ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა „ლეიკერსთან“ - გოგამ ლებრონს კიდევ ერთხელ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT
„ინდიანა“ პლეი-ინ ტურნირამდე თავის ბოლო შეხვედრებს ატარებს. ამჯერად, გოგას გუნდი „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსი ტრავმიდან დაუბრუნდა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო მეოთხედში მოპოვებული გადამწყვეტი ქულებით, „მეფე“ თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაშიც დაეხმარა.
ბითაძეს ამ შეხვედრაში შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა სათამაშოდ. გოგამ საბონისის და ტერნერის არ ყოფნაში სასტარტოდან დაიწყო და არასრული 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება დააგროვა. მან თამაშიდან 8-დან 3 ბურთი ჩააგდო და აქედან 3-დან 1 პერიმეტრიდან. ბითაძე 6-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზთან და 3-ჯერ ზუსტად ისროლა. ქართველი კალათბურთელი მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, მას +/- მაჩვენებელიც +2 ჰქონდა, რაც თავის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბითაძეს დაცვაში ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამწამიან ზონაში ენტონი დევისის, ანდრე დრამონდის და მონტრეზ ჰარელის წინააღმდეგ მოუწია თამაში.
21 წლის კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსს კიდევ ერთხელ დაუფარა.
28 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ენტონი დევისი იყო, 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, ორმაგი დუბლი ასევე გაიფორმა ანდრე დრამონდმა, რომელმაც 11 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. „ინდიანას“ მხრიდან კი ლიდერობა კარის ლევერტმა იტვირთა და 28 ქულა დააგროვა, გამორჩეული თამაში ჰქონდა ასევე ჯაკარ სემფსონს, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.
ამრიგად, რეგულარული სეზონის ბოლო ტურამდე სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს „ინდიანას“, „შარლოტს“ და „ვაშინგტონს“, რომლებიც მე-7 და მე-8 ადგილებისთვის იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციებიდან გასულ გუნდებს პლეი-ინ ტურნირში უფრო დიდი უპირატესობა ექნებათ. ყველაფერი ბოლო მატჩებში გაირკვევა, სადაც „პეისერსი“ „ტორონტოს“ ესტურმება, „ვაშინგტონი“ და „შარლოტი“ კი ერთმანეთს შეხვდებიან.