ბითაძემ სასტარტოდან დაიწყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - გოგამ „სან ანტონიოს“ ხუთჯერ დაუფარა #1TVSPORT
ბითაძემ სასტარტოდან დაიწყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - გოგამ „სან ანტონიოს“ ხუთჯერ დაუფარა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ის რეგულარულ სეზონში „ატლანტასთან“ მარცხის შემდეგ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა.

ტრავმების გამო გუნდს არ ჰყავდა არც მაილს ტერნერი და არც დომანტას საბონისი. შესაბამისად, ბითაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და რომ არა ბოლო მეოთხედში მიღებული ტრავმა, გოგა, დიდი ალბათობით, ორმაგ დუბლსაც გაიფორმებდა. ქართველმა ცენტრმა 22 წუთი და 47 წამი ითამაშა, ამ დროში მან 7 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში, 6 დაცვაში) და 5 დაფარება დააგროვა. გოგას თამაშიდან არც თუ ისე კარგი პროცენტი ჰქონდა, მან 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და პერიმეტრიდან 2-დან ვერცერთი გამოიყენა, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან თითქმის უნაკლო იყო – ბითაძემ ერთქულიანი 6-ჯერ ისროლა და 5-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა, მეტოქის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ბითაძემ, მაგრამ იმედია ის პარკეტს მალე დაუბრუნდება.

რაც შეეხება შეხვედრას, შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშის ბედი გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს 15 ქულით მოუგო. მატჩის დარჩენილ ნაწილში „ინდიანა“ ცდილობდა ინტრიგის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ, რადგან „სან ანტონიომ“ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 109:94 მოიგო.

ამ დაპირისპირებაში საუკეთესო დერეკ უაითი აღმოჩნდა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. დემარ დეროუზენს 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. „ინდიანას“ მხრიდან კი მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა, მისი მონაგარი 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი იყო.

 

ინდიანა – სან ანტონიო 94:109

ნეიტ ბიორკგრენის გუნდი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გუნდია ლიგაში. 57 თამაშში „ინდიანას“ მოგება-წაგებათა ბალანსი 26-31-ზე აქვს და გუნდი მე-9 ადგილზე ისე იმყოფება, რომ ჯერჯერობით არც დაწინაურების შანსი აქვს და არც ჩამოქვეითება არ ემუქრება. შემდეგ მატჩს „პეისერსი“ 22 აპრილს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.