ბითაძემ მცირე დროში 9 ქულა მოიპოვა - გოგას „დეტროიტთან“ გამორჩეული მომენტები ჰქონდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „დეტროიტ პისტონს“ უმასპინძლა და 116:111 დაამარცხა.
გოგა ბითაძესთვის ეს შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველმა კალათბურთელმა მაინც შეძლო ქულების დაგროვება და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში. გოგამ 11 წუთი და 16 წამი ითამაშა და ამ დროში 9 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში) და 1 დაფარება დააგროვა. ახალგაზრდა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ორჯერ ისროლა და ერთხელ ჩააგდო. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრაში გოგას არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. ორ ეპიზოდში მან მეტოქის ფარზე შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე კალათბურთელში ბურთი მოხსნა და შემდეგ ცალი ხელით მოახერხა მისი კალათში მოთავსება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაილს ტერნერს, რომელიც „ინდიანას“ მთავარი ცენტრია 32 წუთი მოუწია თამაში და არცერთი ქულა არ მოუპოვებია.
რაც შეეხება შეხვედრას, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ მეოთხედში „პისტონსი“ 3 ქულით გაექცა მეტოქეს, მაგრამ ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა მოახერხა ქულების მოგროვება და პირველი ტაიმის დასრულებამდე 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მესამე მეოთხედში გუნდები თითქმის თანაბრად თამაშობდნენ და „ინდიანამ“ მხოლოდ ერთი ქულით აჯობა თავის მეტოქეს, ბოლო პერიოდში კი კარის ლევერტის წყალობით, „პეისერსმა“ „დეტროიტს“ თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა და ბითაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.
ყველაზე შედეგიანი ჯერემი გრანტი იყო, რომელმაც თავის გუნდს 29 ქულა მოუტანა. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა მეისონ პლამლიმ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კარის ლევერტი გახდა, რომელსაც 28 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. დომანატს საბონისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა იყო.
ამრიგად, გოგა ბითაძის „ინდიანამ“ NBA-ში მე-20 გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ „დალასის“ წინააღმდეგ 27 მარტს გამართავს.