ბიორნ იონსენი - არ მეგონა, ქართულ კლუბთან კონტრაქტს თუ გავაფორმებდი #1TVSPORT
ბიორნ იონსენმა პირველი კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ნორვეგიელი ფეხბურთელის განცხადებით, ტრანსფერი მისთვის მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელთა ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
„არ მეგონა, ქართულ კლუბთან კონტრაქტს თუ გავაფორმებდი. გადაწყვეტილება მწვრთნელთან და დირექტორთან საუბრის შემდეგ მივიღე. ისინი საკუთარ ხედვასა და „ტორპედოს“ მიზნებზე მესაუბრნენ.
გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი იმ პროექტის ნაწილი, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელზეა გათვლილი. შანსი მაქვს, „ტორპედოსთან“ ერთად ტიტული მოვიპოვო. სწორედ ეს მსურს – გამარჯვება და ტიტულები.
პირველი დღე კარგი გამოვიდა, ტექნიკური გუნდი ვართ. ყველა მეხმარება, რომ თავი ისე ვიგრძნო, როგორც სახლში. ვფიქრობ, შესანიშნავი შემადგენლობაა. იმედია, ჩემპიონები გავხდებით და კონფერენს-ლიგის ჯგუფში ვითამაშებთ.
ევროპის ლიგაზე მითამაშია, აზიის ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული და მსგავს ტურნირზე ისევ მსურს გამოსვლა. გპირდებით, ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, გულშემატკივრისთვის ეს სეზონი დასამახსოვრებელი იქნება“, – ამბობს „ტორპედოს“ ნორვეგიელი ახალწვეული.