„ოკლაჰომამ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში ასპარეზობა დაასრულა. „სანდერმა“ დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ჰიუსტონთან“ სერია ანგარიშით 4:3 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. „როკეთსი” აღნიშნულ წყვილში ფავორიტად ითვლებოდა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ოკლაჰომელებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მომავალი სეზონისთვის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, „სანდერის“ ამჟამინდელ მწვრთნელ ბილი დონოვანს კონტრაქტი ამოეწურა და გუნდის ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს.
ბილი დონოვანი „ოკლაჰომაში“ 2015 წლიდან მუშაობს. ხუთი წლის მანძილზე მის ანგარიშზე 243 გამარჯვება და 157 მარცხია.