„ბილდი“ - უეფა 2021 წლიდან პატარა გუნდებისთვის მესამე ევროტურნირს ჩაატარებს
გერმანულ გაზეთ „ბილდის“ (Bild) ცნობით, უეფა აპირებს მესამე საკლუბო ტურნირის ჩატარებას. მისი პირველი გათამაშება 2021-22 წლებში უნდა გაიმართოს, როცა უეფას ამოეწურება ტელეკომპანიებთან და სპონსორებთან მარკეტინგული შეთანხმებების მიმდინარე ციკლი.
ახალ ტურნირზე, რომლის სახელწოდება ჯერ არ მოუფიქრებიათ, 32 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რიცხვი არ შეიცვლება, ევროპის ლიგას კი 48-დან 32 კლუბამდე შეამცირებენ.
უეფას წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ევროპის ლიგის პრესტიჟი სწორედ გუნდების რაოდენობის შემცირებით ამაღლდება. მეორეს მხრივ, მესამე ტურნირის შემოღება დაეხმარება განვითარებაში სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პატარა საფეხბურთო ჩემპიონატებს. ეს ტურნირი სწორედ ამ ქვეყნის გუნდებისთვის კეთდება.