Bild - რუსი ფეხბურთელები ამიაკს ყნოსავდნენ, ეს დოპინგის ტოლფასია
Bild - რუსი ფეხბურთელები ამიაკს ყნოსავდნენ, ეს დოპინგის ტოლფასია

გერმანულმა გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დროს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დოპინგის მიღებაში ადანაშაულებენ.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, რუსი ფეხბურთელები ხორვატიასთან მეოთხედფინალში უშუალოდ მოედანზე გასვლის წინ, ამიაკს ყნოსავდნენ. ამით ისინი მეტოქეზე ფიზიკური უპირატესობას იღებდნენ. Bild-მა მტკიცებულებად მოიყვანა რუსეთის ნაკრების ნახევარმცველის ალექსანდრ გოლოვინის ფოტო, რომელიც მართლაც რაღაცას ყნოსავს საკუთარი ხელის გულიდან.
როგორც ირკვევა, ამიაკი არ შედის აკრძალული პრეპარატების სიაში, მაგრამ სპეციალისტის აღიარებით, ამ ნივთიერების გამოყენება დოპინგის მიღების ტოლფასია.

“მე ამას დოპინგად მივიჩნევ”, – ამტკიცებს ბიომედიცინისა და ფარმაცევტული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი ქალაქ ნიურნბერგიდან ფრიტც სერგელი.

მოგვიანებით, გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-ში გაჩნდა რუსეთის ნაკრების წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც ადასტურებს ესპანეთთან მატჩში ამიაკის გამოყენების ფაქტს.