„ბიბისის“ ცნობით, ინგლისის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი გახდება #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებში ლი კარსლი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კარსლი ამჟამად ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის და გასულ წელს გუნდს საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოაგებინა.
50 წლის ლი კარსლის საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები „ევერტონში“ აქვს გატარებული, სანაკრებო დონეზე კი ირლანდიის ეროვნული გუნდის მაისური 40-ჯერ მოირგო.
სამწვრთნელო კარიერა „ქოვენთრიში“ დაიწყო, ხოლო ინგლისელთა ახალგაზრდული გუნდი 2021 წელს ჩაიბარა.
დროებითი მთავარი მწვრთნელის რანგში სპეციალისტი ინგლისს სექტემბერში ირლანდიისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ინგლისის ეროვნული გუნდი გარეთ საუთგეიტმა დატოვა. ბრიტანელები ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთთან დამარცხდნენ.