„ბიბისი“ - საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელს ირლანდიაში იწვევენ #1TVSPORT
ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გუსტავო პოიეტია. ურუგვაელი სპეციალისტი საბერძნეთის ნაკრებს ავარჯიშებს, რომელიც ევრო 2024-ის პლეიოფში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ფინალურ ოთხეულში მოხვდა – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ, ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელი სტივენ კენი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირლანდიამ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, პოიეტის გაწვრთნილმა საბერძნეთმა კი ორივე მატჩი მოუგო (შინ – 2:1, სტუმრად – 2:0).
„სტივენ კენის ბედი ურუგვაელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, როდესაც საბერძნეთის ნაკრებმა ირლანდიას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩი მოუგო. პოიეტმა ორჯერ განაცხადა, რომ ირლანდიაში მუშაობით დაინტერესებულია.
56 წლის სპეციალისტი აცხადებს, რომ, შედეგის მიუხედავად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მისი ურთიერთობა მარტის პლეიოფის მატჩების შემდეგ დასრულდება“, – ამტკიცებს „ბიბისი“.
„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მწვრთნელად იმუშავა ინგლისში („ბრაიტონი“, „სანდერლენდი“), საბერძნეთში (აეკ-ი), ესპანეთში („ბეტისი“), საფრანგეთში („ბორდო“), ჩინეთსა („შანხაი შემხუა“) და ჩილეში („უნივერსიდად კატოლიკა“). 2022 წლიდან საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.