ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, საუკეთესო ფორმაში ვიყო - ბითაძემ „ფინიქსთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT
ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, საუკეთესო ფორმაში ვიყო - ბითაძემ „ფინიქსთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და კარიერაში მე-3 ორმაგი დუბლიც გაიფორმა. ქართველმა კალათბურთელმა „ფინიქს სანთან“ წაგებულ შეხვედრაში (103-113) სარეკორდო დროში, 35:08 წუთში 16 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა ბითაძის მატჩი შეაფასა.

რიკ კარლაილი: „გოგა ძალიან კარგი და მრავალმხრივი მოთამაშეა. მას ამ თამაშში სამქულიანი არ ჩაუგდია, მაგრამ ვიცით, რომ კარგად ისვრის. გოგა უკეთესი იყო საჯარიმოს ხაზიდან და მის მოხსნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მომწონს როგორ გრძნობს თამაშს. შეუძლია იყოს ცენტრი, რომელიც ქულებს აგროვებს, კარგ პასებს აკეთებს, იცის როგორ უნდა გადაადგილდეს, კარგად აყენებს ბლოკებს და გრძნობს ვის და როდის უნდა მისცეს პასი და ეს როგორც მისთვის ასევე აიზია ჯექსონისთვის, შესანიშნავი შესაძლებლობაა.“

პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმაც ისაუბრა.

მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „პეისერსი“ 20 ქულით აგებდა, ბოლო პერიოდში კი გუნდმა სხვაობის 6 ქულამდე შემცირება შეძლო, რის მიზეზებზეც გოგამ ილაპარაკა.

„ეს გუნდის ძალისხმევის დამსახურებაა. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომლებიც მეოთხე მეოთხედში ძალიან კარგად თამაშობენ. ჩვენ უბრალოდ დავრჩით მატჩში, დავუჯერეთ ერთმანეთს და მწვრთნელებს.“

ბითაძემ აღნიშნა, რომ დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერისგან საკმაოდ ბევრს სწავლობს.

„რაღაცების გაკეთება უკეთესადაც შემიძლია და ვცდილობ, საბონისსა და ტერნერს რაც შემიძლია მეტი მოვუსმინო. ეს ყველაფერი მეხმარება სივრცის შექმნაში და გუნდს მრავალმხრივ ვეხმარები. ძირითადად ყველაფერი ამ სამი წლის განმავლობაში მათგან ვისწავლე.“

22 წლის ცენტრმა გუნდის დანაკლისზეც ისაუბრა.

„ბევრი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე გვაკლია, შესაბამისად ყოველთვის მზად უნდა იყო სათამაშოდ და მოგების სურვილი უნდა გქონდეს. კალათბურთი რთულია და უნდა იცოდე კონკურენციის გაწევა მაღალ დონეზე. უბრალოდ უნდა გახვიდე პარკეტზე და 100%-ით დაიხარჯო და როცა თამაში მთავრდება, იცი, რომ მაქსიმუმი გააკეთე.“

გოგას აზრით „ფინიქს სანსი“ შესანიშნავი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც დაცვაში თამაში რთულია.

ფინიქსი“ შესანიშნავი გუნდია. პირველი ტაიმის შემდეგ, მათ შეხედეს თამაშს და ნახეს როგორ ვთამაშობდით დაცვაში. დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც თამაშს კითხულობენ, შესაბამისად რთულია მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ წინააღმდეგ დაცვაში თამაში. მათ უბრალოდ უნდა გამოეყენებინათ სროლები და ასეც მოხდა.“

უკვე ზედიზედ მესამე თამაშია, ბითაძე და „ინდიანას“ ახალწვეული, კრის დუარტე ერთად კარგ დუეტს ქმნიან, რაც გოგამ აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.

„მე და კრის დუარტეს ერთმანეთთან ლაპარაკიც არ გვჭირდება, ჩვენ უბრალოდ შევხედავთ ერთმანეთს და ვიცით ვინ რას გააკეთებს. მესამე მატჩია ერთად ვთამაშობთ და ვიღებთ ბევრ სათამაშო წუთს. ჯერჯერობით, მცირე დრო გავიდა, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და უნდა შევეწყოთ ერთმანეთს. კრისი შესანიშნავი მოთამაშეა, მას თამაშის წაკითხვა, პასების გაცემა და ჩვენი სასროლ პოზიციაზე დატოვება შეუძლია. რაც უფრო მეტს ვითამაშებ მასთან ერთად, უფრო კარგი დუეტი ვიქნებით.“

გოგას თქმით, ის ძალიან ბევრს შრომობს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მაინც ახერხებდა სასურველი ფორმის შენარჩუნებას.

„თამაშების და ვარჯიშების შემდეგაც უფრო მეტს ვშრომობ და ვცდილობ საუკეთესო ფორმაში ვიყო, რაც თამაშის გარეშე რთულია. ვდილობ, რაც შემიძლია კარგად მოვუარო ჩემს ორგანიზმს, გამოვიძინო და მივირთვა სწორი საკვები. ვუყურებ მატჩებს, ვუყურებ საბონისსა და ტერნერს და ვაანალიზებ რა შემიძლია გავაკეთო, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. სათადარიგო სკამიდან რთულია, მაგრამ იქიდანაც შეგიძლია ბევრი რამის სწავლა. რთულია უთამაშებლობის შემდეგ, 35 წუთი ითამაშო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მეთამაშა ლიგის საუკეთესო გუნდებთან და ვყოფილიყავი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. სათამაშო წუთებს არ ვუყურებ, როცა მწვრთნელს უნდა ჩემი თამაში, დაღლის მიუხედავად, არ ვითხოვ შეცვლას, რადგან ჩემ გუნდს ვჭირდები. თუ მწვრთნელს მოუნდება, რომ 48 წუთი ვითამაშო, მაქსიმუმს გავაკეთებ.“

„რთულია ჩემი გუნდელების სულ სათადარიგოდან ყურება. დამინახავდით ხოლმე, როგორ ვხტებოდი მომენტებში. უბრალოდ მინდა, პარკეტზე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა, მომწონს მათთან ერთად თამაში და ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისათვის, ასეთ გუნდებთან სათამაშო წუთების მიღება დიდი შესაძლებლობაა. „გოლდენ სტეიტი“ და „ფინიქსი“ ლიგის საუკეთესო გუნდები არიან, შესაბამისად სასიამოვნოა მათ წინააღმდეგ თამაში.“

გოგას პრესკონფერენციის ბოლოს მცირე დაზიანებაზეც დაუსვეს კითხვა, რომელიც მას შუბლზე ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ მსგავს თამაშს ევროპული კალათბურთის გამო მიჩვეულია.

დატოვე კომენტარი