ბესო ზოიძე რუსეთ-საქართველოს თამაშზე - ბოლო წუთამდე დაძაბული მატჩი გველის | ფუტსალი
ფუტსალში რუსეთის სუპერლიგის ჩემპიონის, CPRF-ის მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ზოიძემ ევრო 2022-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს და რუსეთის მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოსთან რთულ მატჩს ელიან.
ბესო ზოიძემ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, რომლის შემდეგაც სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მწვრთნელია. 2019/2020 წლების სეზონში მისი გუნდი ისტორიაში პირველად რუსეთის ჩემპიონი გახდა. CPRF-მ ფინალურ სერიაში საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძის გუნდი, „გაზპრომ-იუგრა“ ფინალურ სერიაში დაამარცხა (4:2, 4:1, 3:4).
„რუსეთის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მოთამაშეებს ვესაუბრე, მათ ჩვენი ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემა და რიდი აქვთ. ყველა აღნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. როგორ წარიმართება შეხვედრა არავინ იცის. დაუვიწყარი მატჩები გველის, ბოლო წუთამდე დაძაბული. მაღალ კლასს ვიხილავთ ორივე მხრიდან და შედეგს ალბათ მაინც შემართება გადაწყვეტს, რომელიც არ გვაკლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრებში ბევრი ჩემი ფეხბურთელი ასპარეზობს, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში საქართველოს ვგულშემატკივრობ. აღსანიშნავია, რომ ჩემი გუნდის რიგებში გამოდის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სიმი საიოტი. ასევე, აქ ყველა იცნობს და დიდ პატივს სცემენ საქართველოს კაპიტანს, ზვიად კუპატაძეს, რომელიც ნაკრების დონეს განსაზღვრავს. მისი ავტორიტეტი ძალიან დაგვეხმარება, განსაკუთრებით, რუსეთთან შეხვედრებში, რადგან მრავალი წელია, რაც აქ უდიდეს შედეგს აჩვენებს“, – ამბობს ბესო ზოიძე.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში შეხვდებიან. მატჩები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება. ზოიძემ ჯგუფში საქართველოს შანსებიც შეაფასა.
„ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფი ძლიერი ნაკრებებით არის დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, ოთხივე მათგანი თავის მაქსიმუმს აჩვენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფუტსალი სწრაფი ტემპით ვითარდება და ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა მზარდი ტენდენცია. ევროპაში და არა მარტო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონეები გათანაბრდა. მაგალითად, ხუთი წლის წინ ამ ჯგუფზე ყველა იტყოდა, რომ რუსეთი უდავო ფავორიტია, ახლა ასე არაა. სულმოუთქმელად ველი საქართველოს თამაშებს. უშუალო კავშირი მაქვს, როგორც მწვრთნელთან, ასევე ფეხბურთელებთან და ვიცი, რომ რაც მთავარია, იქნება დიდი შემართება. ძალიან დიდი შანსია ჯგუფიდან ღირსეულად გასვლის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ კარგად მოემზადოს შეხვედრებისთვის და წარმატებას მიაღწიოს. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მეტოქეებს არ ჩამოუვარდება“, – აცხადებს ზოიძე.
ევროპის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს და 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი ადგილის ბედს ორი „უარესი“ მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.