ბერიძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ბერიძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ბერიძის გუნდმა „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ზალაეგერსზეგს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად მას გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

მატჩის დასასრულს საინტერესო ამბები მოხდა – ტელეკომპანია „მ4 სპორტის“ პირდაპირ ეთერში გამარჯვებული გუნდის, „უიპეშტის“ სერბმა მწვრთნელმა პრედრაგ როგანმა (რომელიც 1 ივნისს დაინიშნა) განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო. მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კი მისი შემცვლელის ვინაობაც გაირკვა – იანვრიდან გუნდს მიხაელ ენინგი უხელმძღვანელებს.

55 წლის გერმანელი სპეციალისტი გერმანიის U18 და U20 ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი იყო, შემდეგ მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ ჰოლანდიელი დიკ ადვოკაატის ასისტენტად მუშაობდა. ასევე გახლდათ „ვოლფსბურგის“, „ბოხუმის“, „ნიურნბერგის“, უნგრული „ვაშაშის“, „მაგდებურგისა“ და სალონიკის „არისის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი.