ბერიძემ უნგრეთის თასი მოიგო - „უიპეშტმა“ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძის გუნდი უნგრეთის თასის მფლობელი გახდა. ფინალში „უიპეშტმა“ საქართველოს ნაკრების მეორე თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ დაამარცხა – 1:0.
ფინალი ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. „ფეჰერვარი“ თავის ისტორიაში უნგრეთის თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა, რომლის მოგებაც ორჯერ მოახერხა. „უიპეშტი“ კი უნგრეთის თასის ათგზის გამარჯვებულია და ფინალში მეთვრამეტედ ითამაშა. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 1982 წლის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ შეხვედრა „უიპეშტმა“ მოიგო – 2:0. ისტორია ამჯერადაც გამეორდა.
ორივე ქართველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრა „ფეჰერვარის“ უპირატესობით დაიწყო. „ფეჰერვარმა“ ძირითად დროში ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ორივეჯერ ბუდუ ზივზივაძის მონაწილეობით. 40-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ქართველის დარტყმით დასრულდა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა, რაშიც მცველმაც შეუშალა ხელი. 83-ე წუთზე კი ბუდუ ივან პეტრიაკის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველს გაექცა და ახლოდან თავით დაარტყა, მაგრამ შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა.
„უიპეშტის“ რიგებში ყველაზე მეტად თამაშს ბერიძე ამწვავებდა. გუნდის პირველი ყველაზე კარგი შეტევა ბერიძემ 56-ე წუთზე ინდივიდუალურად განავითარა, მეტოქეს ბურთი აართვა, ორ მცველს გასცდა და საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევარდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მან 66-ე წუთზეც ბურთი მოიპოვა და საჯარიმოში შესულმა ბურთი ტალუ ჯუნიორს გადააწოდა, რომელიც წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 70-ე წუთზე ბერიძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ „ფეჰერვარი“ მეკარემ ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 90-ე წუთზე ბერიძემ „ფეჰერვარის“ მცველს, ადრიან რუშს ბურთი კიდევ ერთხელ აართვა და მეკარისკენ დაიძრა, მცველი ეუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. მოკლედ, გიორგი „უიპეშტში“ გამორჩეული იყო.
შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა. „ფეჰერვარი“ 97-ე წუთზე ურთულეს ვითარებაში ჩავარდა, რადგან ზივზივაძის გუნდს მეორე მოთამაშე, ალეფიც გაუგდეს და „ფეჰერვარი“ მოედანზე 9 მოთამაშით დარჩა. ამით უიპეშტმა“ მალე ისარგებლა. 101-ე წუთზე ბერიძის წამოწყებული შეტევა ლიმირ კასტრატის გოლით დასრულდა. 105-ე წუთზე ზივზივაძემ მაინც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს და გოლი არ ჩაუთვალეს. 114-ე წუთზე ტაქტიკური მოსაზრებით მწვრთნელმა ბერიძე შეცვალა.
საბოლოოდ, 9 მოთამაშით დარჩენილმა „ფეჰერვარმა“ ვერაფერი გააწყო, „უიპეშტმა“ 1:0 მოიგო და უნგრეთის თასი მეთერთმეტედ მოიგო.