ბერიძემ თურქეთში დუბლი შეასრულა - ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ თურქეთის სუპერლიგაში საგოლე ანგარიში გახსნა – „ანკარაგიუჯუ“ შინ თურქულ გრანდთან, „ბეშიქთაშთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ქართველი თავდამსხმელი იყო.
ბერიძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ მე-26 წუთზე ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დაასრულა და „ანკარაგიუჯუ“ დააწინაურა. თუმცა, ტაიმის ბოლოს „ბეშიქთაში“ უკვე 1:2-ს იგებდა.
გიორგიმ 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში ფლანგიდან შევარდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა, მაგრამ საბოლოოდ, სტუმრებმა მესამეც გაიტანეს და თამაშიც მოიგეს.
საბა ლობჟანიძემ „ჰათაისფორში“ შეუცვლელად ითამაშა „ადანა დემირსფორთან“ შინ ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში. სტუმართა განაცხადში არ იყო გიორგი ხაბულიანი.
ასევე არ იყო განაცხადში „იუმრანიესფორში“ ამ ზაფხულს გადასული ნიკა გაგნიძე, რომლის გუნდმაც შინ ჩემპიონი „ტრაბზონსფორი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა.