ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სურსათის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ბ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და 500 ლარამდე თანხა წაიღეს.
სამართალდამცველებმა დ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.