ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო ასპარეზობები.
კონტინენტის პირველობაზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდნენ მედლების მოსაპოვებლად.
ქართველი ფალავნებიდან მეოთხედფინალში მხოლოდ ნაკრების ახალბედა ბექა მამუკაშვილი ვერ გავიდა, დანარჩენი ოთხი მოჭიდავე კი ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
დღევანდელ ხუთ წონაში ნახევარფინალები 18:45-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენი სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.