ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე დღეს კიდევ ხუთი ფინალური წყვილი გაირკვა.
60 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისთვის ბრძოლა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ – დავით ჩხარტიშვილსა და რამაზ სურმანიძეს შორის გაიმართება.
ოლიმპიური პრიზიორი – შმაგი ბოლქვაძე, ოცდასამწლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონ – თორნიკე ჯანგვაძესთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ძამაშვილი, ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონ მინდია წულუკიძეს – 77 კგ ფინალში დაუპირისპირდება.
87 კგ წონით კატეგორიის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი – რობერტ ქობლიაშვილი, ვარლამ კვარაცხელიას დაუპირისპირდება.
ტურნირი კი მძიმეწონოსანთა (130 კგ) ფინალით დასრულდება, სადაც ერთმანეთს ბექა კანდელაკი და ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია შეხვდებიან.
აღნიშნული შეხვედრები, დიღომში მდებარე ფრენბურთის დარბაზ – „ახალ თბილისში“ 11 იანვარს 12:00-იდან დაიწყება. დღეს კი დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალები იმართება.