ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა (+ფოტო)
ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკით დასრულდა დიღომში მდებარე „ახალი თბილისის “ დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონმა – დავით ჩხარტიშვილმა, რევაზ სურმანიძესთან 8-0 დაწინაურება და შესაბამისად ვადამდე გამარჯვება ერთ წუთსა და 42 წამში შეძლო. ოზურგეთელმა ფალავანმა ამ მოგებით შარშანდელი ვერცხლის მედალი ოქროთი გააუმჯობესა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა.
ოლიმპირი პრიზიორი -შმაგი ბოლქვაძე და ოცდასამწლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი – თორნიკე ჯანგავაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს -67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში. დასაწყისში ორქულიანი გდებით ჯანგავაძე დაწინაურდა, თუმცა ბოლქვაძემ ანგარიშში უპირატესობის მოპოვება პირველივე პერიოდში შეძლო, რასაც მეორეში კიდევ ერთი ქულა დაუმატა და საბოლოდ ჩემპიონის ტიტულის 4-2 გამარჯვებით დაეუფლა.
დაძაბული და თანაბარი ორთაბრძოლა შედგა -77 კილოგრამის ფინალში, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ძამაშვილი, ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონ – მინდია წულუკიძეს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდი მეტოქის პასიურობის გამო აღებული ერთადერთ ქულით წულუკიძემ მოიგო. იგივე ხარისხის ქულით გაათანაბრა მეორე პერიოდის შუაში ძამაშვილმა, თუმცა პარტერიდან ქულის აღება ვეღარ მოახერხა და უფრო მეტიც, ერთი ქულა მეტოქეს დაუთმო. დარჩენილ დროში ძამაშვილმა მეტოქის ხალიჩიდან გაყვანის გამო კიდევ ერთი ქულა დაიმსახურა, რასაც ერთი მეტოქის უშედეგო გაპროტესტების გამო დაემატა და საბოლოოდ თორნიკე ძამაშვილმა მის მიერ მოპოვებულ საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ვერცხლის მედალს, პირველი ოქრო შემატა.
-87 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი – რობერტ ქობლიაშვილი, ვარლამ კვარაცხელიას დაუპირისპირდა და სოლიდური უპირატესობა 5-0 პირველივე პერიოდში მოიპოვა, რისი შენარჩუნებაც დარჩენილ დროში აღარ გასჭირვებია და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.
ტურნირი კი მძიმეწონოსანთა (-130 კგ ) ფინალით დასრულდა, სადაც ერთმანეთს ბექა კანდელაკი და ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია შეხვდნენ. ორთაბრძოლა კანდელაკის უპირატესობით დაიწყო და 40 წამში ექვსი ქულის აღებაც მოახერხა, თუმცა ამის ,შემდეგ ქაჯაიას გამოცდილებამ თავისი სიტყვა თქვა. შეხვედრის დაწყებიდან ერთ წუთსა და ექვს წამში მან მეტოქის შეცდომით ისარგებლა და სუფთა გამარჯვება მოიპვა.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით – რუსეთში, კონკრეტულად კი კასპისკში (დაღესტანი) გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი