ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი (2019 წელს) ნუგზარ წურწუმია (55კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან უშანსოდ დამარცხდა.

ასევე ოქროს მედლისთვის დაპირისპირება დათმო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლერი აბულაძემაც (63კგ). მსოფლიო პირველობის ფინალში ქართველი სერბ სებასტიან ნადისთან დამარცხდა, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა. სერბი ყოველთვის 67 და 72 კგ-ში ჭიდაობდა და ფინალშიც ქართველ მეტოქესთან შედარებით საგრძნობლად მძიმე ჩანდა.

შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების წევრებს სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯონი ხეცურიანმა (67), გელა ბოლქვაძემ (82) და იაკობ ქაჯაიამ (130) გადამწყვეტი შეხვედრები სუსტად ჩაატარეს და ტურნირი უმედლოდ დაასრულეს. მსაჯებისა და ორგანიზატორების არასათანადო ქმედებების მიუხედავად, მთლიანობაში ჩვენი ნაკრების გამოსვლა დადებითად არ შეიძლება შეფასდეს.

ხვალიდან,15 სექტემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.