ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე ოლიმპიადაზე 06:00 საათიდან იასპარეზებენ #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) იასპარეზებენ.
რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდება. ქართველ ფალავანს კენჭისყრაში არ გაუმართლა, მაგრამ რამაზი, რომელსაც ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში ყველა დიდი ტიტული მოგებული აქვს, შესანიშნავ ფორმაშია და გულშემატკივრები მისგან წარმატებულ გამოსვლას ელოდებიან. ოლიმპიადის საგზური მან გაზაფხულზე სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.
ლაშა გობაძე პირველ წრეში გამოცდილ უზბეკ მოჭიდავეს რუსტამ ასაკალოვს დაუპირისპირდება. ქართველი სპორტსმენი გახლავთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი 82 კგ-ში, რის შემდეგაც ოლიმპიურ წონაში (87 კგ) მოსინჯა ძალები და გაზაფხულზე სალიცენზიო ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობის შედეგად ოლიმპიური საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ექვსი ოლიმპიური წონიდან მხოლოდ ოთხში მოახერხეს ლიცენზიების მიღება, საიდანაც იკობ ქაჯაიამ (130კგ) ვერცხლის მედალი უკვე მოიპოვა,გ იორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან განაგრძობს ბრძოლას, ხოლო რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვებიან.
წინასწარი შეხვედრები 06:00 საათზე, ნახევარფინალები კი 13:15 საათზე გაიმართება.