ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის შანსი 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელებს შორის. პირველ დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი მოჭიდავე გავიდა და მედლისთვის ბრძოლას სამი მათგანი აგრძელებს.
თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუს დაუპირისპირდება. მიქელაძე ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო. მან ფინალამდე ბელგიელი იბრაჰიმ ტაბაევი და გერმანელი დენის ნაკაევი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება რომეო ბერიძე (63 კგ), რომლის მეტოქეც რეპეშაჟის ნახევარფინალში ხორვატი დომაგოი ჩელიჩეკი იქნება. ხორვატის დამარცხების შემთხვევაში ქართველი მედლისთვის უკრაინელ ოლეგ ხალილოვს შეხვდება.
რეპეშაჟის გავლით შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას მათე გოქაძეც (130 კგ), რომელიც ჯერ აზერბაიჯანელ ჰეიბულაჰ გისტაროვს, გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ დომინიკ ტომაშ კრავჩიკს შეხვდება.
ტურნირზე იასპარეზეს ლუკა ჯავახაძემ (55 კგ) და ბექა მელაშვილმაც (87). მელელაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა სომეხ ვიგენ ნაზარიანთან. ნაზარიანმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო, შესაბამისად ბექამაც ვერ შეძლო რეპეშაჟში გადართვა. ლუკა ჯავახაძემ იტალიელი ანდრეა მარტინო მარტივად დაამარცხა, მაგრამ გერმანელ გეორგიოს სკარპელოსთან წააგო და ვინაიდან სკარპელო ფინალში ვერ გავიდა, ლუკასთვისაც წლევანდელი კონტინენტის პირველობა დასრულდა.