ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბოლქვაძე და ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები იმართება.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრები დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ. ფრიდონ აბულაძე (60 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.