ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის, დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა წინასწარი ეტაპი და ნახევარფინალური შეხვედრები. შეჯიბრზე ხვალ ოქროს მედლისთვის საქართველოს ნაკრების სამი წევრი იჭიდავებს.
დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ფინალში გასასვლელად ებრაელი მელკამუ ფეტენე 9:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სომეხ მოჭიდავეს შეხვდება. ნიკა ბროლაძე (67 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადეს დაუპირისპირდა, მეტოქეს 4:1 სძლია და ფინალში ისიც სომეხ სპორტსმენთან იჭიდავებს. ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ასევე აჩიკო ბოლქვაძეც (82 კგ), რომელმაც შვედი ჰამზა სერჩანლი 5:1 დაამარცხა და ოქროსთვის ფინელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და კოტე სიჭინავამაც (97 კგ) იჭიდავეს. ორჯონიკიძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა, ხოლო სიჭინავამ – მეოთხედფინალში. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან ორჯონიკიძე გააგრძელებს, რადგანაც მისი მომგები – აზერბაიჯანელი გურბან გურბანოვი ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს თორნიკე მიქელაძე (77 კგ). რომეო ბერიძე (63 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.