ბერძენი მწვრთნელის წარმატებული დებიუტი - „თელავმა“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
30-ე ტურის შეხვედრა, რომელიც „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა, მასპინძლებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი გეორგიოს კოსტისის ხელმძღვანელობით კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს – ორივე გოლი „თელავის“ ლეგიონერებმა გაიტანეს.
27-ე წუთზე ანგარიში ჰაიტელმა თავდამსხმელმა, ჟონელ დეზირემ გახსნა. ოთხ წუთში კი მასპინძლების უპირატესობა ორამდე შეტევაში ჩართულმა ბრაზილიელმა მცველმა, გუტიმ (ტომელინ გუტიერესი) გაზარდა.
88-ე წუთზე წყალტუბოელთა ნახევარმცველმა, ლუკა ხორხელმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს.
30 ტურის შემდეგ „თელავმა“ 34 ქულა დააგროვა, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და პლეი აუტის ზონაში მყოფ „სამტერდიას“ ხუთი ქულით უსწრებს. ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ (46) მეოთხე პოზიციაზე დარჩა და „საბურთალოს“ (49) ვერ დაეწია.