ბექაური და ტალახაძე წლის საუკეთესოები არიან - ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველ არხს მედიამხარდაჭერისთვის ჯილდო გადასცა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2021 წელი შეაჯამეს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დასახელდნენ.
შეგახსენებთ, რომ მათ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ბექაური 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ტალახაძემ ოლიმპიადასთან ერთად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.
ოლიმპიური მოძრაობის მედიამხარდაჭერისთვის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პირველი არხი დააჯილდოვა. საპატიო პრიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს გადაეცა.
ლაშა ტალახაძე:
„წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო ქართული სპორტისთვის. მინდა მივულოცო ეს აღიარება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს. მე და ლაშა ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით და მიხარია, რომ შრომა ასე დაგვიფასდა. ჩვენთან ერთად ბევრმა ქართველმა სპორტსმენმა გამოიჩინა თავი და ყველას დამსახურებაა საქართველოს წარმატებული 2021 წელი რომ ჰქონდა“.
ლაშა ბექაური:
„ძალიან გახარებული ვარ. ჩემი და მამაჩემის ოცნება იყო წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მიღება. ქართველ გულშემატკივარს ბევრ გამარჯვებასა და სიხარულს ვპირდები. თავს არ დავზოგავ, ვიშრომებ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ხალხისთვის“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ქართულ სპორტში მედიის როლზე ისაუბრა:
„სადაც არიან ჩვენი სპორტსმენები, იქ არის საქართველოს პირველი არხი. 2021 წელს პირველად მოვიპოვეთ პარალიმპიადის ჩვენების უფლება. ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო. ყველა ოლიმპიელს ვულოცავ გამარჯვებას და ვიცი, რომ პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება“.