ბექა ვაჩიბერაძე ლატვიაშია და ვირსლიგის (უმაღლეს ლიგა) „რიგას ფს-თან“ კონტრაქტი გააფორმა.
21 წლის საყრდენი ნახევარმცველი უკრაინის 21-წლამდე ნაკრების ყოფილი კაპიტანი გახლდათ. თუმცა, 14 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა და ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშის უფლება მოიპოვა.
როგორც პირველ არხს ვაჩიბერაძის ოჯახმა განუცხადა, ბექამ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. თუკი ნახევარი წლის განმავლობაში ფეხბურთელით რომელიმე კლუბი დაინტერესდება, ტრანსფერის გამოსყიდვას 50 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.
ვაჩიბერაძეს ჰოლანდიაში „ეინდჰოვენი“ და საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ იწვევდნენ. ბექამ კი მოულოდნელად არჩევანი ლატვიურ კლუბზე გააკეთა. როგორც პირველ არხს განუცხადეს, მან „რიგას ფს“-ს მთავარი მწვრთნელისგან, ანდრეის კალინინისგან მიიღო გარანტია, რომ მუდმივი სათამაშო დრო ექნებოდა და ტოპ-კლუბების სკამზე ჯდომას ვირსლიგაში თამაში ამჯობინა.
ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ვაჩიბერაძე 15 წლიდან უკრაინაში თამაშობდა. დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდის რიგებში 2015 წელს უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალშიც ითამაშა. იყო უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2015-2017 წლებში ესპანეთში, “რეალ-ბეტისის” დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, ზაფხულიდან კი გუნდის გარეშე იყო.