ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში გაემგზავრა - მეგობარი გადავრიე, „ნიუკასლში“ გადავედი-მეთქი #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში გაემზავრა – ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც კარიერას ამ ქვეყანაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა კონტრაქტი „ნიუკასლ ჯეთსთან“ გააფორმა.
ქართველ ფეხბურთელს საბერძნეთის სუპერლიგის კლუბები იწვედნენ, მაგრამ მან ავსტრალიაში თამაში გადაწყვიტა.
„ბოლოს საბერძნეთში, „ქსანტში“ ვთამაშობდი, სადაც კლუბის პრეზიდენტი ავსტრალიელი იყო, მწვრთნელი ტონი პოპოვიჩი, რომლის ასისტენტმა არტურ პაპასმა ავსტრალიური კლუბი, „ნიუკასლ ჯეთსი“ ჩაიბარა და წასვლა რომ შემომთავაზა, გადავწყვიტე და დავთანხმდი, რადგან იქ პერსპექტივა დავინახე. ჩემი თანაგუნდელი ავსტრალიის ნაკრების წევრი იყო და გადასვლა მირჩია“, – ამბობს მიქელთაძე.
23 წლის თავდამსხმელი ავსტრალიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ კურიოზს იხსენებს:
„ჩემი ახალი კლუბი „ნიუკასლ ჯეთსი“ სახელით ცნობილ ინგლისურ კლუბს, „ნიუკასლს“ ჰგავს და ამაზე მაგრად ვხუმრობდი. მეგობრებს ვუთხარი, „ნიუკასლში“ მივდივარ-მეთქი და გადაირივნენ. ცხადია, ეს ის „ნიუკასლი“ არაა, მაგრამ საკმაოდ კარგი კლუბია, ავსტრალიაში კი საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატია, სადაც ბევრ ვარსკვლავს უთამაშია – მაგალითად, დელ პიეროს და კეისუკე ჰონდას“.
ბექა მიქელთაძე თამაშობდა „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „ანორთოსისში“, „რუსთავში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ბოლოს კი საბერძნეთის „ქსანტიში“. „ნიუკასლ ჯეთსს“ ბერძნული კლუბ „ქსანტიდან“ შეუერთდა“. მან ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.