რუსეთის ქალაქ კასპიისკში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 61 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ბექა ლომთაძე მასპინძელ ხაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდა. რაშიდოვი ევროპის ორ გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახლავთ.
დაპირისპირების პირველი ქულა მასპინძელმა ლომთაძის პასიურობის გამო მიიღო. აღებული ქულის შემდეგ რაშიდოვი გააქტიურდა და ქართველს კიდევ ორი ქულა აართვა, თუმცა ლომთაძემ თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს გადატრიალების შესრულების შანსი არ მისცა.
მეორე პერიოდის პირველი ქულაც რაშიდოვს ერგო, თუმცა შემდეგ ლომთაძემ შეუტია და მასპინძელი პასიურობისათვის გააფრთხილეს. შეხვედრის ბოლო წამებზე ქართველი მოჭიდავე ილეთის შესრულებას ცდილობდა, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა.
საბოლოოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული რაშიდოვს ერგო 4:1, ბექა ლომთაძე კი ტურნირის ვერცხლის მედალოსანია.
დარჩენილ შეხვედრებში ქართველებს სამი მედლის აღების შანსი აქვთ – ირაკლი მწითური და სანდრო ამინაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, ხოლო დღის ბოლო შეხვედრაში გენო პეტრიაშვილი ოქროს მოპოვებას შეეცდება.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული (3 ბრინჯაო, 1 ვერცხლი).