ფრანგული „ბორდოსა“ და „ბორჯღალოსნების“ მესამეხაზელი ბექა გორგაძე, შესაძლოა, ბასკურ „ბაიონში“ გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული პრესა, კერძოდ კი გამოცემა „სუდუესტ.ფრ“ (sudouest.fr) ავრცელებს.
გორგაძე „ბორდოში“ 2018 წლიდან თამაშობს და კლუბში „პროდ2“-ის „მონ დე მარსანიდან“ გადავიდა. მან „ბორდოს“ შემადგენლობაში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი ლელო დადო. „ტოპ 14“-ის წლევანდელ სეზონში მან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა, შემდეგ კი „შემოდგომის ერთა თასზე“ მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და შესაბამისად, მისთვის სეზონი დასრულდა.
ტრანსფერის შემთხვევაში „ბაიონის“ რიგებში, რომელსაც ახლა ხუთი გამარჯვების წილ შვიდი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, ბექას საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, მეორე ხაზელი ლადო ჩაჩანიძე და მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი დახვდებიან.