ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში გავიდნენ
ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში გავიდნენ

თელავივიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ასპარეზობაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო.

-90 კგ. წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ორი მეტოქე – ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი და ბელგიელი იოაკიმ ბოტიო დაამარცხა.  მეოთხედფინალში გასასვლელად მარგიანს ბერძენი თეოდოროს ტსელიდისის დამარცხება მოუწევს.

ამავე წონაში წარმატებულად ასპარეზობს ბექა ღვინიაშვილიც, რომელიც ასპარეზობაში მე-2 წრიდან ჩაერთო, ასევე ორ მეტოქეს სძლია და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მე-3 წრეში იგი ჩეხ პიოტრ ჯირისთან ვაზარით აგებდა, თუმცა ერთი ვაზარი თავადაც მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე დააიპონა.

-100 კგ. წონით კატეგორიაში მეორე წრიდან ჩაერთო ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც მოულოდნელად, პირველივე შეხვედრაში ბულგარელ დანიელ მუკეტესთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ტურნირის მეოთხედფინალშია მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, გურამ თუშიშვილიც (+100 კგ.), რომელმაც საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში იპონით დაამარცხა ისლანდიელი ტორმოდურ იონსონი.