ბექა დავითულიანი - არ მინდა, ვიფიქრო და დავუშვა, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ბექა დავითულიანი - არ მინდა, ვიფიქრო და დავუშვა, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სამივე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო გამორჩეულად, ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საქართველო ამას იმსახურებს, როგორც ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ისე კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. იმიტომ, რომ საქართველო არის ერთგვარი საზღვარი ევროპის და ამ რეგიონში უფრო ევროპელი ხალხი მეტი არ ცხოვრობს; იმსახურებს იმით, რომ საუკუნეებია, ამ სივრცისკენ მიილტვის და ევროპული ოჯახისკენ ჩვენი სწრაფვა მართლაც საუკუნეებს ითვლის“, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსზე უარი ძალიან მძიმე სიგნალი იქნება.

„თუ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ევროპამ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ისინი აგზავნიან სიგნალს რუსეთისთვის, რომ რეგიონში ასუსტებენ საკუთარ გავლენას და ინტერესის სფეროს თმობენ. გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს იქნება ევროპის და მთლიანად დასავლეთის მარცხი ამ რეგიონში, რომელშიც მათ შორის, ჩვენთან ერთად, მათაც დიდი ძალისხმევა და კაპიტალი აქვთ ჩადებული, როგორც პოლიტიკური და მორალური, ისე ფინანსური“, – განაცხადა დავითულიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შესაძლებლობას, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ მას ამის დაშვება არ სურს.

„მე უბრალოდ, ვხედავ და ვაანალიზებ იმ კონტექსტს, რაც არის; ვხედავ იმ გზავნილებს, რომელიც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერისგან ჟღერდება ხოლმე და ამის გათვალისწინებით ვამბობ. მე არ მინდა, ვიფიქრო და არ მინდა, დავუშვა ის, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე ახლაც, რათა ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რითაც სუფთა სიმბოლური თვალსაზრისით ის აღიარებს საკუთარ ინტერესებს და გავლენას ამ რეგიონზე. თუ ის ამას არ იზამს, ეს იქნება ზუსტად იგივე ტიპის სიგნალად მიღებული რუსეთის და საერთოდ, ჩვენ რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდან, როგორ სიგნალადაც მივიღეთ 1921 წელს, როდესაც გავიდა ანტანტაც და გერმანიაც საქართველოდან და დაუტოვეს კავკასია რუსეთს და მაშინდელ სხვა დიდ სახელმწიფოს გასაყოფად; ეს იქნება სიგნალი, როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ვერ გაბედეს მაპ-ის მონიჭება და ამას მოჰყვა აგვისტოს ომი. აღარ მინდა, კიდევ რაღაც ტრაგიკული ისტორიები და შეცდომები გავიხსენო, შეცდომა თუ ჰქვია ამას ევროპის. არ ვიცი, შეიძლება, შეცდომად აღარც ჩავთვალოთ, თუ მესამედ კიდევ ამ ტიპის შეცდომა დაუშვეს. ეს იქნება არა მხოლოდ მათთვის სიგნალი, არამედ ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვისაც სიგნალი იქნება, რომ საითაც მიისწაფი, იმ ხალხს არ უნდიხარ. დაახლოებით, ასე იქნება აღქმული“, – განაცხადა დავითულიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მართლმსაჯულება გახდეს საქართველოსთვის ერთგვარი გამოწვევა კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ვერავითარი ასეთი საბაბი ვერ იქნება გაყიდული რეალურ მიზეზად.

ამასთან, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ უკრაინაში ომის შემთხვევაში საქართველო თავის ტერიტორიაზე დეოკუპაციის გამო ომს დაიწყებდა და ორი ფრონტი გაიშლებოდა, რაც მათთვის შვება იქნებოდა, ხოლო როდესაც ეს მოლოდინი არ გაუმართლდათ, ამან რაღაც განწყობები შექმნა. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უკრაინაში ვინმეს უნდოდეს, რათა საქართველო სამხედრო კონფლიქტით შეეშველოს, რუსეთის ყურადღება გაფანტოს და აქცენტის ნაწილი საქართველოზე გადმოვიდეს, მაგრამ არ შეიძლება, ეს უნდოდეს საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკოსს, რომელსაც თავის ამომრჩევლებთან პასუხისმგებლობა აქვს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან საქართველო დღეს დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს, მაგრამ საქართველო ამ კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან რეგიონში ჩვენს ქვეყანას თავისუფლებისთვის მეტი თუ არა, არანაკლები სისხლი აქვს გაღებული.