ბენზემა - რონალდოს წასვლით საკუთარი ნამდვილი სახის წარმოჩენის შანსი მომეცა
გასული წლის ზაფხულში კრიშტიანო რონალდოს რეალ მადრიდიდან წასვლამ კარიმ ბენზემას საკუთარი ნამდვილი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მისცა. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის თავად ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდული სამეფო გუნდის ძირითად და შეუცვლელ თავდამსხმელად იქცა.
2009 წელს ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლის პირველივე დღიდან, კრიშტიანო რონალდო გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაი იყო, ბენზემამ კი მეორე პლანზე გადაინაცვლა და ძირითადად მეორე ვიოლინოს ფუნქციას ასრულებდა.
ახლა კი, როდესაც რონალდო უკვე იუვენტუსში თამაშობს, 31 წლის ფრანგი ბედნიერია, რომ გუნდის ძირითად თავდამსხმელად დაბრუნდა.
„ადრე აქ იყო ფეხბურთელი, რომლსაც სეზონში 50 გოლი გაჰქონდა, მე კი მას მხოლოდ პასებით ვამარაგებდი… თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ზურგზე 9 ნომერი მეწერა. სინამდვილეში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არ ვთამაშობდი. ჩემი მოვალეობა კრიშტიანოს მომარაგება იყო. ჩვენ არაჩვეულებრივი დუეტი ვიყავით. ახლა კი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ყველას უნდა ვაჩვენო, რომ გუნდის წინ წაყვანა შემიძლია“, – ამბობს ბენზემა ფრანს ფუტბოლისთვის (France Football) მიცემულ ინტერვიუში.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა რეალ მადრიდის შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.