ლონდონის „არსენალის“ 26 წლის ინგლისელმა მცველმა, ბენჟამინ უაითმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის გუნდში 2029 წლამდე დარჩება.
უაითს „არსენალთან“ წინა კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებდა, თუმცა კლუბს სურდა, ის კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა.
ინგლისელი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში 2021 წელს „ბრაიტონიდან“ გადავიდა. მას შემდეგ უაითმა „არსენალის“ მაისური 122 შეხვედრაში მოირგო.
„მიხარია, რომ ის ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. ბენჟამინი უმაღლესი დონის ფეხბურთელია გამარჯვებულის მენტალიტეტით“, – განაცხადა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგის ლიდერია. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ითამაშებს.