ბენდიანიშვილი „კორტრეიკის“ განაცხადში იყო, სრულად მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა #1TVSPORT
ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველების გუნდებისთვის. ჩვენი მოთამაშეები სამ გუნდში არიან და სამივემ წააგო.
გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ ბელგიურ გრანდს, „ბრიუგეს“ უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა – 0:5. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ჩაატარა.
„კორტრეიკმა“ შინ გათამაშების ლიდერი „როიალ უნიონი“ მიიღო და 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში იყო თემურ ბენდიანიშვილი, მაგრამ არ უთამაშია. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ბელგიაშია გაზრდილი და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
ლევან შენგელიას „ლეუვენი“ „ეუპენს“ ესტუმრა და მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია, რომელიც 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ „ეუპენმა“ ორი გოლი გაიტანა და 3:1 მოიგო. შენგელია კვლავ შეცვლაზე შევიდა – 26 წლის თავდამსხმელი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
30 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან ყველაზე მაღალ პოზიციას ბენდიანიშვილი „კორტრეიკი“ (37 ქულა) იკავებს – მე-11 ადგილზეა, შენგელიას „ლეუვენი“ (37) – მე-12 პოზიციაზეა, ხოლო მიქაუტაძის „სერენი“ (23) ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.